ICHD-3

თავის ტკივილის კლასიფიკაცია 2018

 

თავის ტკივილის საერთაშორისო საზოგადოებამ 2018 გამოაქვეყნა თავის ტკივილის კლასიფიკაციის ახალი, მე-3 რედაქცია.

 

     ·        International Headache Society. The international classification of headache disorders, 3rd edn. Cephalalgia 2018 38: 1–211

 

კლასიფიკაციაში თითოეული თავის ტკივილისთვის განსაზღვრულია მთავარი ჯგუფი (I თანრიგი) და ტიპი (II თანრიგი); ზოგიერთი მათგანისთვის კი, ასევე - ქვეტიპი (III თანრიგი) და ქვეფორმა (IV თანრიგი). გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჰემიპლეგიური შაკიკი, რომლის დიაგნოზი დაზუსტებულია გენეტიკურად და „ჩაშლილია“ 5 თანრიგად.

 

კლასიფიკაციის 4-თანრიგიანი იერარქიული წყობა ექიმს და მეცნიერს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი დიაგნოზის დონე და სიზუსტე. 300-ზე მეტი სახეობის თავის ტკივილისთვის მოცემულია ორიგინალური კოდი, მოკლე განმარტება, ისტორიული ტერმინები, დაწვრილებითი სადიაგნოზო პირობები, შენიშვნები, კომენტარები და ბიბლიოგრაფია. ICHD-3 სამი ნაწილისაგან შედგება:

 

     ·        ნაწილი I _ პირველადი თავის ტკივილები _ 4 ჯგუფი, 25 ტიპი, 45 ქვეტიპი, 12 ქვეფორმა, 4 „ქვე-ქვეფორმა“

     ·        ნაწილი II _ მეორადი თავის ტკივილები _ 8 ჯგუფი, 46 ტიპი, 95 ქვეტიპი

     ·        ნაწილი III _ ქალას მტკივნეული ნეიროპათიები, სახის ტკივილის სხვა ფორმები და სხვა თავის ტკივილები _ 2 ჯგუფი, 14 ტიპი, 6 ქვეტიპი, 8 ქვეფორმა

 

დანართში მოცემულია 12 ჯგუფში გაერთიანებული 31 ტიპის და 22 ქვეტიპის თავის და სახის ტკივილი, რომელთა სადიაგნოზო პირობები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაზუსტებული.

ცოტა რამ ისტორიიდან...

 

თავის ტკივილის პირველი საერთაშორისო კლასიფიკაცია გამოქვეყნდა 1988 წელს.

 

     ·        Headache Classification Committee. Classification and diagnostic criteria for headache disorsers, cranial neuralgias and facial pain. Cephalalgia 1988 8:1-96

 

ეს მოვლენა უყურადღებოდ არ დარჩენია ნევროლოგიის მოამაგე ექიმს, მეცნიერსა და პედაგოგს, პროფესორ ცოტნე ჩხიკვიშვილს, რომელიც, ამავე დროს, დიდებული მოქალაქე და სამედიცინო ლიტერატურის უბადლო მთარგმნელი გახლდათ. ამგვარად, ქართველმა მკითხველმა თავის ტკივილის „საღებავშეუმშრალი“ კლასიფიკაციის მშობლიურ ენაზე წაკითხვა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეშივე შეძლო.

2004 წელს გამოქვეყნდა კლასიფიკაციის მე-2 რედაქცია (ICHD-2).

 

     ·        Headache Classification Committee. The International Classification of Headache Disorders. Cephalalgia 2004 24 (Suppl. 1):9-160

 

მე-2 კლასიფიკაცია ესენის უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ქაცარავას თაოსნობით ქართულ ენაზე სრულად თარგმნეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა - მედიცინის დოქტორმა ნანული (დოდო) შუბლაძემ, მედიცინის დოქტორმა ანა ძაგნიძემ და ნევროლოგმა მაკა კუკავამ

 

თავის ტკივილის ახალი კლასიფიკაცია იხილეთ საიტზე https://www.ichd-3.org/

 

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ: https://www.ichd-3.org/wp-content/uploads/2018/01/The-International-Classification-of-Headache-Disorders-3rd-Edition-2018.pdf